X-XI კლასის მოსწავლეები სასწავლო შემეცნებით ექსკურსიაზე ყაზბეგში

  7 ოქტომბერს სკოლა „კრწანისი მარჯის“ X-XI კლასის მოსწავლეები სასწავლო შემეცნებით ექსკურსიაზე გახლდით ყაზბეგში. ვიხილეთ და მოვილოცეთ მსოფლიოს ულამაზეს ტაძართა ნუსხაში შეტანილი გერგეტის სამების ტაძარი. შევიტყვეთ, რომ XIV საუკუნეში აშენებული ეს ხუროთმოძღვრული სასწაული ეთადერთი გუმბათოვანი და, იმავე დროს, ყველაზე დიდი ეკლესიაა ხევში.
თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, რომ მანამდე სამების მთაზე ჯვარი იდგა. არსებობს გადმოცემა, რომ ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმინდა სამების ტაძარი. მცხეთაში მცხოვრები ერთი ბერის რჩევით, ბერწი ფური დაუკლავთ და ყორნისთვის მიუგდიათ. სადაც ის შეჭამდა ნაბოძებს, ტაძარი იქ უნდა აშენებულიყო. ყორანმა აიტაცა ფურის მენჯის ნაწილი „სამგორველი“ და ცად აიჭრა. 
ყორანს მდევრად ხალხი გაჰყოლია, ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და სამების ნიში აუგიათ. შემდგომ ბადარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ, აქედან გერგეტში, „ელგეშის“ ნიშთან დამჯდარა და ბოლოს სამების მთაზე დაუგდია „სამგორველი“, ძვალიც იქ გამოუხრავს და ტაძარიც იქ აუგიათ. მის ასაღმართავად ქვა ხარებს ყანობ-ხერთვისიდან ამოუტანიათ. იმ ხარებს, რომლებზეც უკვე მე-20 საუკუნეში შოთა ნიშნიანიძეს უთქვამს: 
    „აგრემც ვალმოხდილი, ნაჯაგარ 
     ბებერ ქალს ვენაცვალები,
     სული ნაღვლიანი რადა გაქვს 
     ჯიღა საცერად თვალები...“ 
გიორგი ბრწყინვალის ძეგლის დადების მიხედვით XIV საუკუნეში ხევში თემური წყობილება ყოფილა. თემი ირჩევდა ხევისბერს, რომელიც ფაქტობრივად მართავდა თემს და თემის საბჭო იკრიბებოდა გერგეტის სამების ეკლესიის სამხრეთ კედელზე მიშენებულ მცირე ნაგეგობაში. 
    მოვიგონოთ ისიც, თუ როგორ ჩიოდა ილიას ლელთღუნია თემობის გადავარდნის გამო: გავიხსენოთ სათემოს საბჭოს შეკრების ეპიზოდიც ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობიდან “ხევისბერი გოჩა”, არც იქ მოხსენიებული გერგეტის სამების სადიდებელი „გერგეტულა“ დაგვივწყნია. 
   მოვიხიბლეთ იმითაც, რომ ყაზბეგის მაღალ მთებში სტეფანწმინდის გადმოსახედით შეძრულთ ყორნები დაგვფარფატებდნენ თავზე. ვინ იცის, იქნებ სწორედ მათმა წინაპარმა მოიტანა სამგორველი გერგეტის მთაზე. 
16 ივლისს გერგეტი დღეობას აღნიშნავს. ეს დღე პატრიარქმა სიყვარულის დღედ დააწესა 1980 წელს. რატომ სიყვარულის დღედ? ალბათ იმიტომ, რომ როცა ამ გადაფრენილ ტაძარს და მის გუშაგს, თეთრად დათოვლილ მყინვარს უყურებ ხვდები, რომ მოკვდავობის მიუხედავად შენც შეიძლება მარადისობასთან თანაბარი გახდე. ალბათ იმიტომ იყო, რომ ზოგადად ასე მხიარული და მოუსვენარი ბავშვები, გასაოცარი სიდინჯითა და დუმილით მივუყვებოდით გერგეტის მთას. „ბრძნადმეტყველება“, რომ ვერცხლია, ხოლო დუმილი“ოქროი რჩეული“ - ესეც ვისწავლეთ IX კლასში. აქ, ჩვენც ვიგრძენით, რომ რასაც ნახული განგვაცდევინებდა , სიტყვიერ სამოსელში ვერ გაეხვეოდა.
გავიარეთ ილიას გზა, მივედით საქართველო-რუსეთის საზღვართან და ვნახეთ ისიც, რაც სამწუხაროდ ილიას არ უნახავს, ესაა კიდევ ერთი თანაზიარობა უკვდავებასთან დარიალის ხეობის მთავარანგელოზთა სახელობის სამონასტრო კომპლექსი. 
   ამაყად დგას მონასტერი ქართული ზნეობისა და სიწმინდის დარაჯად საქართველო-რუსეთის საზღვარზე და ალბათ, სანამ იქ და არა მხოლოდ იქ, ჩვენ, საკუთარი ქვეყნის დიდებულებით შეძრული ქართველი ბავშვები ვივლით, არასოდეს აღიგვება ჩვენი ქვეყანა პირისაგან მიწისა, ხოლო ერი კიდევ ერთხელ იტყვის ანა კალანდაძის ლექსის ამ სიტყვებს:
   „შენს ლურჯ მწვერვალებს,
   თოვლი რომ ფარავს, 
   თერგს და დარიალს,
   ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად მრავალმჟამიერ“.

X-XI კლასის მოსწავლეები.